საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე და საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია საქართველოში ინოვაციების პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს ესწრებიან. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) 26 ოქტომბერს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება.
ფორუმის მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტებში. ის ეხმიანება ინოვაციების ჭრილში ბიზნესისა და ინდუსტრიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საჭიროებებს. პროგრამაშია უცხოელი და ქართველი მონაწილეების მიერ პრეზენტაციებისა და ვორქშოფების ჩატარება, ასევე, სხვადასხვა თემატური შეხვედრის გამართვა. საქპატენტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ სადისკუსიო თემებში ტექნოლოგიების ტრანსფერისა და მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ. ფორუმის ფარგლებში გაიმართება KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენა.
ინოვაციების ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორია KIU. ღონისძიება აშშ-ს საელჩოს უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) და TUM International-თან პარტნიორობით, KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიება აერთიანებს მთავრობის წარმომადგენლებს, ინდუსტრიის ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციების აღმასრულებლებს, საერთაშორისო ექსპერტებს, ფინანსური ინსტიტუტების, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.