ნინოწმინდის თაფლი – ტკბილი წარმატების გემო
28 ნოემბერი 2022 წ.
გიორგი
მერაბიშვილი ქართველი თაფლის მწარმოებელია, რომელიც იყენებს ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რათა დაეხმაროს თაფლის მწარმოებლების კოოპერატივს მათ მიერ წარმოებული
ნინოწმინდის თაფლის ადგილობრივ ბაზარზე გატანასა და პოპულარიზაციაში გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების
მეშვეობით.
2012 წელს ბავშვობის
მეგობარმა დაბადების დღეზე გიორგის აჩუქა ხელნაკეთი სკა, რითაც დასაბამი დაუდო მის
გატაცებას მეფუტკრეობითა და თაფლის წარმოებით. მეგობრის მხარდაჭერის, გარკვეული თვითგანათლებისა
და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემოთავაზებული სპეციალური კურსის გავლის
შედეგად, მან შეისწავლა მეფუტკრეობა და ჰობი ბიზნესად აქცია. დღეს გიორგის აქვს 120
სკა, ხოლო მის ასოციაციას „კოდი“ (KODY) – 450, რომლებშიც ყოველწლიურად სამიდან
ხუთ ტონამდე თაფლი იწარმოება.
საინტერესო იდეები
როგორც თაფლის მწარმოებელმა მშობლიური რეგიონიდან – სამცხე-ჯავახეთიდან,
გიორგიმ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ჯერ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შემდეგ
კი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნულ ცენტრთან „საქპატენტთან“, კერძოდ კი საქპატენტთან არსებულ სასწავლო
ცენტრთან, რომელიც დაარსდა 2015 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო
ორგანიზაციისა – ისმო (WIPO) და საქპატენტის თანამშრომლობის პროგრამის (IPTIs)
ფარგლებში და წარმოადგენს ინტელექტუალური
საკუთრების სასწავლო დაწესებულებას. ისმო-ს აკადემიის სასწავლო ცენტრები დამოუკიდებელი ტრენინგცენტრებია,
რომლებიც დაფუძნებულია ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, რათა უზრუნველყონ ადგილობრივი
მოთხოვნა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სწავლებასა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასთან
დაკავშირებით. საქპატენტის სასწავლო ცენტრი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში, მუშაობს დარგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის და
უზრუნველყოფს მაქსიმალურ წვდომას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ
ინფორმაციაზე ინოვატორებისა და შემოქმედი ადამიანების მხარდაჭერის მიზნით.
2017 წელს გიორგიმ გაიარა საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ
ორგანიზებული პირველი ტრენინგი გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით. შემდგომში
მან გააგრძელა მონაწილეობა საქპატენტის მიერ ორგანიზებულ სხვა თემატურ ტრენინგებში.
ტრენინგების საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საკმარისი პრაქტიკული
ცოდნის შეძენის შემდეგ, გიორგიმ თერთმეტ
მეფუტკრე მეგობარს შესთავაზა გაერთიანება და რეგიონში კოოპერატივის ჩამოყალიბება
სახელწოდებით „კოდი“, რომლის სახელითაც 2019 წელს შეიტანეს სარეგისტრაციო
განაცხადი თაფლისთვის სასაქონლო ნიშანზე „ალპიდა“ (ALPIDA). სასაქონლო ნიშნის წარმატებით
რეგისტრაციის შემდეგ, 2020 წელს გადაწყვიტეს
„ნინოწმინდის თაფლის“
რეგისტრაცია ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სახით. მართლაც, საქპატენტის
მხარდაჭერითა და კონსულტაციების შედეგად, მწარმოებლებმა წარმატებით დაარეგისტრირეს
გეოგრაფიული აღნიშვნა, რათა ბაზარზე გაიტანონ და პოპულარიზაცია გაუწიონ თავიანთ
თაფლს, რომელსაც გააჩნია უნიკალური თვისებები: ბლანტი კონსისტენცია, გამორჩეული
არომატი და ფერი, ასევე, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო უნიკალური თვისებები, რაც
განპირობებულია ანტიმიკრობული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ფერმენტის – ლიზოსიმის
მაღალი კონცენტრაციით.
„ინტელექტუალური
საკუთრება ძალიან დაგვეხმარა ნინოწმინდის თაფლის ბაზარზე გატანასა და მისი
რეპუტაციის ჩამოყალიბებაში ადგილობრივ დონეზე, რამაც გაზარდა გაყიდული პროდუქციის
რაოდენობა. ჩვენს თაფლზე არსებული მოთხოვნის საფუძველზე, შევძელით პროდუქტის ფასის
გაზრდაც!“
გიორგი მერაბიშვილი, ნინოწმინდის
თაფლის მწარმოებელი
ნინოწმინდის
თაფლი ბრენდით „ALPIDA“ (ფოტო: ზაზა ნიკოლოზიშვილი)
თაფლის დამამზადებელი მუშა
ფუტკარი
2022 წელს გიორგი გეგმავს განახორციელოს
ნინოწმინდის თაფლის „მინდვრიდან სუფრამდე“ პრინციპით ექსპორტი რეგიონულ და
საერთაშორისო დონეებზე. ამჟამად იგი თაფლის პოპულარიზაციას და გაყიდვას
ახორციელებს ონლაინ ვებგვერდის ALPIDA
website მეშვეობით.
თავისუფალ დროს გიორგის უყვარს მიკროელექტრონიკაზე
მუშაობა და ინოვაციების შექმნა მეფუტკრეობის წარმოებისათვის. მას იმედი აქვს, რომ გააერთიანებს
თავის ორ პროფესიას – მეფუტკრეობას და ინჟინერიას, რათა საბოლოოდ შეძლოს ფუტკრის
მოვლის პროცესის გაციფრულება.
1994 წელს გიორგიმ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. ვიდრე მეფუტკრისა და თაფლის
მწარმოებლის კარიერას დაიწყებდა, მას საქართველოში ჰქონდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის
კომპანია. წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესში მუშაობის შემდეგ,
მან აღმოაჩინა ახალი გატაცება – მეფუტკრეობა და კარიერის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან
გააცნობიერა, რომ სხვების მიერ დამზადებული საქონლის გაყიდვასთან შედარებით, უპირატესობას
ანიჭებდა სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებას.
გიორგი და
მისი ოჯახი იღებენ თაფლს ფიჭებიდან. (ფოტო: გიორგი მერაბიშვილი)
„ბიზნესის დაწყების მსურველების
მიმართ ჩემი რჩევაა: სწავლა, სწავლა და სწავლა! ცოდნა არის ერთადერთი რამ, რაც დაგეხმარებათ.
ამიტომ, რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენთ, მით უფრო შეძლებული იქნებით და უფრო
წარმატებული იქნება თქვენი ბიზნესიც. აუცილებელია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა,
რაც ნამდვილად წარმოადგენს ბიზნესის წარმოების პროცესის ნაწილს. ამას ვერ
გაექცევით, ამიტომ მთავარია ცოდნის შეძენა თქვენი ინტელექტუალური საკუთრების
დასაცავად.“
გიორგი მერაბიშვილი, ნინოწმინდის თაფლის მწარმოებელი https://www.wipo.int/academy/en/news/2022/news_0046.html

