საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მორიგ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიღწეული შედეგები
19 დეკემბერი 2022 წ.
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა ფრუიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მე-9 შეხვედრაში, რომელიც ბელგიის სამეფოს დედაქალაქში 13 და 14 დეკემბერს გაიმართა. კომიტეტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროგრესს.
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა ანგარიში, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით. კომიტეტზე, ასევე დეტალურად იმსჯელეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების, მათ შორის სასაზღვრო ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ევროკავშირის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს, 2022 წლის საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის მე-6 სხდომის შედეგები. ევროკომისიის წარმომადგენლების მხრიდან, დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტელექტუალური საკუთრების სისტემის დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ხაზი გაესვა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის აქტიურ როლს მიღწეულ პროგრესში.
ბელგიაში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში ჩართულმა სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლებმა. სავაჭრო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ შეხვედრას თავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზადა დიეზი.

