სოსო გიორგაძე USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორსა და USAID საქართველოს ეკონომიკური პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდა
16 იანვარი 2023 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, მოადგილეებთან, ნინო ჩიქოვანთან და მანანა ფრუიძესთან ერთად USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონს, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელებს მარკ მაკკორდისა და ნატალია ბერუაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქპატენტისა და USAID-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე განიხილეს 2023 წლის გეგმები.
ყურადღება გამახვილდა ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებასა და ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ახალი ე.წ. „შეტყობინება-აღების“ მექანიზმის დასანერგად.
კიდევ ერთი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტია „ახალგაზრდებში ცნობიერების დონის ამაღლება, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში მაღალანაზრაურებადი პროფესიებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ“, რომლის ფარგლებში, საინფორმაციო სესიები გაიმართა სკოლის მოსწავლეებისათვის. სესიებში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს 25 სკოლიდან, მათ შორის იყვნენ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები. აღნიშნული პროექტი 2023 წელსაც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ამ მიზნით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა - „შემოქმედებითი ინდუსტრიების შეფასება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ საქართველოში“, რომელიც წარმოდგენილი იყო ერთობლივად ორგანიზებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის შეხვედრის ფორმატში. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობაში, კერძო სექტორსა და უფლებების მფლობელებში დაბალია ცნობიერება კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საქმიანობის არსისა და ფუნქციების შესახებ. ხარვეზები შეინიშნება მათი საქმიანობის გამჭვირვალობის ფუნდამენტური კრიტერიუმების კუთხით. კერძოდ, ბუნდოვანია ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და სიხშირის პროცესი.
თავის მხრივ, სოსო გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს დაუდასტურა, რომ საქპატენტისათვის პრიორიტეტად რჩება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის საკითხი. აღსანიშნავია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების მიზნით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), USAID-ის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და საქპატენტის ერთობლივი აქტივობის ფარგლებში, დაიგეგმა მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები განიხილავენ საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს. გარდა ამისა, საქპატენტმა კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას, უკვე აცნობა დაგეგმილი აუდიტორული შემოწმების თაობაზე. აუდიტის მიზანი ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის სფეროში, მათ შორის ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესებში არსებული ხარვეზების, ასევე სხვა გამოწვევების იდენტიფიცირებაა.
