საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) მიწვევით აშშ-ში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში საქპატენტის ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, რომელიც 6-10 თებერვალს ალექსანდრიაში (ვირჯინიის შტატი) გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 30 ქვეყნის საპატენტო უწყების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ფუნქცია-მოვალეობების, ბიუჯეტის ფორმირებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხების განხილვა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ჰიბრიდული სამუშაო გარემოს შექმნის უპირატესობაზე, მონაცემთა ბაზების გაუმჯობესებასა და მეტი გამჭვირვალობის მიღწევის საშუალებებზე. მონაწილეები იმსჯელებენ, ასევე, სასაქონლო ნიშნებთან დაკავშიებული სამართალწარმოებისა და აპელაციების საკითხებზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები აშშ-ს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან. საქპატენტის თავმჯდომარის რანგში, სოსო გიორგაძის პირველი სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 5 დღეს გაგრძელდება.