WIPO-ს ყოველწლიური „გლობალური დაჯილდოების კონკურსი“ განაცხადებს 31 მარტამდე მიიღებს
27 თებერვალი 2023 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2023 გამოაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს გამოავლინოს ის კომპანიები, ფიზიკური პირები, მცირე თუ საშუალო ბიზნესში დასაქმებული გამომგონებლები, ავტორები და მეწარმეები, რომლებიც საკუთარი საქმიანი მიზნებისთვის გონივრულად იყენებენ ინტელექტუალურ საკუთრებას - ინოვაციური თუ შემოქმედებითი საქმიანობით, ზრუნავენ საყოველთაო პროგრესსა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
კონკურსი ღიაა და უსასყიდლო მცირე თუ საშუალო საწარმოებისთვის, ნებისმიერი დარგის მეწარმისთვის მთელი მსოფლიოდან, მათ ვისაც დასაქმებული ჰყავს 300-მდე თანამშრომელი, ხოლო გაყიდვების წლიური საერთო რაოდენობა 15 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2023 წლის 31 მარტამდე. კონკურსის ნომინანტებსა და გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან მაღალი მიღწევების, კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირები. 20 ნომინანტს ჟიური შეარჩევს მიმდინარე წლის მაისში - ინფორმაცია გავრცელდება WIPO-ს მედია პლატფორმებზე.
7 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდება 2023 წლის ივნისში, რომლებიც დაესწრებიან WIPO-ს გლობალური დაჯილდოების ცერემონიასა და სხვა ღონისძიებებს WIPO-ს შტაბ-ბინაში, ჟენევაში (შვეიცარია). კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამაში ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციისა და ბიზნესის განვითარების შესახებ. საერთაშორისო პოპულარობისა და აღიარების მოპოვებასთან ერთად, ისინი მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერასა და ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობებს.
გლობალური დაჯილდოების კონკურსი პირველად 2022 წელს ჩატარდა. მას საფუძვლად უდევს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მისია ხელი შეუწყოს ინოვაციურ და შემოქმედებით საქმიანობას მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ. კონკურსი ტარდება ინტელექტუალური საკუთრების აქტივების კომერციალიზაციის წახალისებისა და ინოვაციების გლობალური ინკლუზიური ეკოსისტემის ფორმირების მიზნით - ღონისძიების საშუალებით შესაძლებელი იქნება მეწარმეების მასშტაბური ნოვატორული და შემოქმედებითი მისწრაფებების ეფექტიანი რეალიზება. გლობალური დაჯილდოების კონკურსის საშუალებით უნდა წარმოჩინდეს გამომგონებლების, ავტორების, მეწარმეების დამსახურებები - ინტელექტუალური საკუთრების გონივრული გამოყენებით დასახული მიზნების მიღწევა, შემოსავლის მიღება, ახალ სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი და გლობალურ ამოცანების გადაჭრა ინოვაციების, შემოქმედებითი დარგების, ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელშეწყობით.
რეგისტრაციის გავლისა და განაცხადის შეტანის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://global-awards.wipo.int/

