28 - 29 ივნისს (2017 წ.) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი ტარდება ePCT (Patent Cooperation Treaty- საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება) პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც ატარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წარმომადგენელი. ტრენინგის პირველ დღეს ePCT პლატფორმის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიიღეს საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ფორმალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტებმა, ხოლო დღეს WIPO-ს წარმომადგენელი აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაზე ინფორმაციას გააცნობს დაინტერესებულ პირებს, პატენტრწმუნებულებსა და განმცხადებლებს.
საქპატენტში, როგორც მიმღებ უწყებაში, საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ePCT პლატფორმის გამოყენებით გამოგონებაზე განაცხადის ელექტრონულად შეტანა 1 ივნისიდან (2017წ.) შეუძლიათ. ePCT სისტემის გამოყენებით საერთაშორისო განაცხადის ელექტრონულად შეტანის შემთხვევაში (ქაღალდზე შეტანილ განაცხადთან შედარებით) განმცხადებლისთვის გათვალისწინებულია შეღავათი საერთაშორისო განაცხადის საფასურზე (International Filing Fee).
ePCT წარმოადგენს WIPO-ს ელექტრონულ სისტემას, რომელშიც ჩართულია PCT პროცედურის ყველა რგოლი: მიმღები უწყებები (RO), WIPO-ს საერთაშორისო ბიურო (IB), საერთაშორისო საძიებო უწყებები (ISA) და წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უწყებები (IPEA). ePCT სისტემის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო განაცხადის შეტანა, დამუშავება, უწყებებს შორის გადაგზავნა და განმცხადებელთან კომუნიკაცია ელექტრონულ ფორმატში.