საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში გაიმართა, განიხილეს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტი ინიციირებულია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ. აღნიშნული პროექტის თანაავტორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და მომზადებულია ევროკავშირის ხელშეწყობით „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ შესახებ ტვინინგის პროექტის ფარგლებში.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომას დეპუტატებთან ერთად ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი ასევე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი.
კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის, კონტროლის სისტემის გაძლიერებასა და ეროვნული ინსტიტუტების კომპეტენციის გაზრდას. კერძოდ, სრულიად ახლებურად რეგულირდება ექსპერტიზისა და რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები, ინერგება სერტიფიცირების და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შემოწმდება საქონლის მახასიათებლების შესაბამისობა განსაზღვრულ სპეციფიკაციებთან - მწარმოებლების მიერ კონკრეტული საქონლისთვის შემუშავებულ ნებაყოფლობით სტანდარტებთან. დაიხვეწება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოვა სპეციფიკაციების მიღებისა და დამტკიცების ფორმალური და შინაარსობრივი საკითხები. პროექტი, ითვალისწინებს მწარმოებელთა გაერთიანებების როლის ზრდას ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემაში. გაერთიანების უფლებამოსილებები აისახა კანონპროექტში, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის საქონლის დამზადებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას, მეორეს მხრივ თავად ასოციაციების ჩართულობას საქონლის ხარისხის კონტროლის განხორციელების და პოპულარიზაციის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები, საქპატენტის წარმომადგენლები და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს, მეცხვარეებს, თუშური გუდის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს და გააცნეს მათ „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული არსებითი ცვლილებები. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ესპანური ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრაქტიკა და იმსჯელეს იმ სარგებელზე, რაც ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებს მოაქვს, როგორც მეწარმეებისათვის, ისე რეგიონის განვითარებისათვის.
საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნები ეფექტიანი ინსტრუმენტია სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხისა და კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოების, მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და რეგიონების განვითარების თვალსაზრისით. საქართველო მდიდარია ამ უნიკალური პროდუქტებითა და მათი წარმოების ტრადიციული ცოდნითა და გამოცდილებით. ამდენად, საქართველოსთვის ამ სისტემის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ასევე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვანი საკითხია. ზემოაღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის სწრაფ განვითარებას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან ჰარმონიზებას.