გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის ფარგლებში, სოსო გიორგაძესა
და ვანგ ბინინგს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც მხარეებმა იმსჯელეს გრძელვადიან
ინიციატივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების
სამომავლო პერსპექტივებზე.
საუბარში ვანგ ბინინგმა კმაყოფილება გამოთქვა სიმპოზიუმის მიმდინარეობასთან
დაკავშირებით და სოსო გიორგაძეს მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში
საქპატენტის მიერ გაწეული წვლილისთვის.
საქპატენტის ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა სიმპოზიუმის
ერთობლივად ორგანიზების პროცესში WIPO-თან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მნიშვნელოვან მხარდაჭერასა
და თანადგომას საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ჩამოყალიბებისა და
განვითარების საქმეში.
აღსანიშნავია, რომ საქპატენტის WIPO-თან მჭიდრო თანამშრომლობით, ამჟამად
მიმდინარეობს დარგის საგანმანათლებლო თუ ინოვაციური საქმიანობის განვითარებაზე მიმართული
მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავება. ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული
ერთობლივი პროექტების განხორციელების სამოქმედო
გეგმებზე და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით სიახლეების
დანერგვის შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს დარგის გაძლიერებასა და, შესაბამისად,
ინტელექტუალური საკუთრების სისტემის სწრაფ განვითარებას.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) გაერთიანებული ერების
სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს
წევრი 1991 წელს გახდა.