5 ივლისს (2017წ.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური საკუთრების სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი გაიმართა. კონკურსის ფინალურ პაექრობაში წარსდგნენ თსუ -ს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების საუკეთესო სტუდენტები. გუნდებს შორის გამართულ შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა თსუ -ს გუნდმა - Ultima Ratio . გამარჯვებულ სტუდენტებს ელისაბედ შენგელიას და ნინო ჯოხაძეს გადაეცათ „ელიტ ელექტრონიქსის“ 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, ამასთან, გამარჯვებული გოგონები მეორე ფინალისტი გუნდის - Invictus წევრებთან, ნინო ბერიშვილთან და დავით ჩაფიძესთან ერთად გაივლიან სამთვიან სტაჟირებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტი.
იმიტირებული სასამართლო პროცესი საქპატენტისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაციის (ELSA) ორგანიზებით ჩატარდა. ამ ღონისძიებას წინ უძღვოდა საზაფხულო სკოლის ტრენინგები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) დაფინანსებით განხორციელდა. იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარების მიზანი იყო მომავალი იურისტების ცოდნის გაღრმავება ინტელექტუალური საკუთერების სამართალში, კერძოდ, სტუდენტებისთვის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის სამართლებრივი ასპექტებისა და ამ სფეროში უფლებების აღსრულების მექანიზმების გაცნობა.