საქპატენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს შეხვდა
12 ივლისი 2024 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში WIPO-ს რიგით 65-ე ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს და EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინტელექტუალური საკუთრების დარგში ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ (EU4IP) მნიშვნელობაზე. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის, დაცვისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ფუნდამენტური ინსტრუმენტის გამოყენებას ინოვაციებისათვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი კონკურენციისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
საქპატენტის თავმჯდომარის თქმით, პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და საქმისწარმოების პროცესში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის მიზნით, საქპატენტი იზრუნებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე, უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შეიმუშავებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ე.წ. სექტორულ სტრატეგიას.
აღსანიშნავია, რომ EU4IP-ს პროექტს წინ უძღოდა ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი სამწლიანი პროექტი (EUGIPP), რომლის ფარგლებში მიღწეული შედეგების საფუძველზეც, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ინიციატივით გადაწყდა ახალი პროექტის დაწყება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ჩართულობით. აღნიშნული პროექტი დაეხმარება საქართველოსა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელთან (EUIPN) მიერთებაში.
