საქპატენტმა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
27 სექტემბერი 2024 წ.
ჩინეთში, ქალაქ სიანში „აბრეშუმის გზის“ რიგით მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა და, ასევე, გაიმართა აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩინეთს შორის თანამშრომლობის საინვესტიციო და სავაჭრო ფორუმი. ღონისძიების ორგანიზატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაცია და შანქსის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი გახლდათ.
საქართველოს განვითარების უახლესი მიღწევების სრულად წარმოსაჩენად და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მხრიდან ღონისძიებას საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ციმაკურიძე დაესწრო. საქპატენტის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის გახსნის ღონისძიებაში და სიტყვით გამოვიდა თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრება ხელს უწყობს მაღალი ხარისხის განვითარებას“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციისა და შანქსის პროვინციის სახალხო მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით ქართულ-ჩინური თანამშრომლობის გააქტიურება ხელს უწყობს როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე რეგიონში ურთიერთობების გაღრმავებას, რაც, თავისთავად, უზრუნველყოფს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია საქპატენტსა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული განზრახვის წერილი თანამშრომლობის შესახებ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში, რითაც ქართულ-ჩინური ურთიერთობები, პრაქტიკულად, ახალ სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა.


