საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის დაარსების დღიდან საქპატენტი მისი ერთგული მხარდამჭერია და აქტიურადაა ჩართული საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებული გუნდების შერჩევის პროცესში. საკონკურსო კომისიაში მუდმივმოქმედ წევრადაა წარმოდგენილი საქპატენტის ექსპერტი, გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკის და ფიზიკის სამმართველოს უფროსი ვასილ გიორგაძე, რომელიც ახალგაზრდა გამომგონებლების პროექტების პატენტუნარიანობას განსაზღვრავს სიახლით, საგამომგონებლო დონითა და სამრეწველო გამოყენებადობით. სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საქპატენტი ნებისმიერ გამოგონებაზე პატენტის გაცემის დროსაც.
კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური დარგების მიმართ ინტერესის გაღვივებას, შემოქმედებითი აზროვნებისა თუ საგამომგონებლო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსი ახდენს სასწავლო პროცესის სტიმულირებასა და მოზარდებში სამეცნიერო და საგამომგონებლო საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე, ხელს უწყობს დაინტერესებული ნორჩი მკვლევრების მოზიდვასა და წახალისებას.
კონკურსს, რომელიც იმართება 2011 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, ახორციელებს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები. 2024 წლის კონკურსის ფინალურ ეტაპზე 19 ინოვაციური პროექტი გადავიდა. შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონიაზე საკონკურსო კომისიამ გამოავლინა კონკურსის გრანპრის, 1-ელი, მე-2 და მე-3 ადგილების მფლობელები, რომლებსაც გადაეცათ პრიზები და ფულადი ჯილდოები. კერძოდ, გრანპრის მფლობელი გახდა პროექტი „ეკომეგობრული ჭკვიანი თევზის ფერმა“, რომლის ავტორთა გუნდი დაჯილდოვდა 10 000 ლარით; 1-ელ ადგილზე გავიდა პროექტი „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“, რომლის ავტორები დაჯილდოვდნენ 5 000 ლარით; მე-2 ადგილზე გასული პროექტია „კოსმოსური დანიშნულების V კლასის მემბრანული კინემატიკური წყვილების დამზადების ტექნოლოგია“, რომლის ავტორებს გადაეცათ 3 000 ლარი; ხოლო მე-3 ადგილი დაიმსახურა პროექტმა „THE TATMAN“, რომლის შემქმნელ გუნდს გადაეცა 2 000 ლარი.
საქპატენტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კონკურსის ფინალურ ნაწილშიც, სადაც საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ პროექტის „ქვევრში ღვინის დაყენების მაღალტექნოლოგიური მეთოდი“ შემქმნელი გუნდი დააჯილდოვა. კერძოდ, საქპატენტის სპეციალური პრიზი გადაეცათ პროექტის ავტორებს: იაკობ ავთანდილაშვილს, ნიკოლოზ კარბელაშვილს და ნინო სულამანიძეს. პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს ავტომატური სისტემა, რომელიც მონტაჟდება ქვევრის თავზე და ახორციელებს ღვინის დარევას, უზრუნველყოფს სითხის თავზე მოქცეული ჭაჭის ჩაჭრასა და ქვევრის მთელ მოცულობაში გადანაწილებას. სისტემა აღჭურვილია წნევის, მჟავიანობისა და ტემპერატურის განმსაზღვრელი სენსორებითა და სხვა დამატებითი მექანიზმებით, რომელთა საშუალებითაც კონტროლდება მთელი სისტემის მუშაობის პროცესი.
მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.