საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კონკურენციის, ანტი-დემპინგური და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას მიმდინარე ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, გამართავენ შეხვედრებს და კონსულტაციებს მხარეთა ექსპერტებს შორის, სადაც ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით იმსჯელებენ კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქპატენტი და კონკურენციის სააგენტო სამომავლოდ სხვადასხვა სახის აქტივობას განახორციელებენ. კერძოდ, ჩატარდება ერთობლივი კამპანიები თუ ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ყურადღება გამახვილდება ბიზნეს-სექტორში კონკურენციის, ანტი-დემპინგური და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც თბილისში წელს უკვე მესამედ ჩატარდა. ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს კონკურენციის პოლიტიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. სამდღიანი ღონისძიება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან ერთად, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ასევე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.