საქპატენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
27 თებერვალი 2025 წ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საქპატენტში ჩატარდა თანამშრომელთა გადამზადების ერთდღიანი ტრენინგი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა. ტრენინგი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თიკა ნებიერიძემ.
დღეისათვის, საქპატენტში უკვე გატარებულია ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა, საკანონმდებლო სიახლეების შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფას. კერძოდ, გადაისინჯა და ახალ კანონთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი უწყების სამართლებრივი აქტები და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, ასევე, ვალდებულების ფარგლებში, უწყებაში დაინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
საქპატენტის თანამშრომელთა გადამზადებას, ტრენერების რანგში, უძღვებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატის უფროსი იურისტი ანა შენგელია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიცერი თენგიზ მამულია. სწავლებაზე განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, ასევე, ყურადღება გამახვილდა მონაცემთა უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, საქპატენტის თანამშრომლებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია აუდიო მონიტორინგის, ვიდეომონიტორინგისა და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების შესახებ. საუბარი შეეხო მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობასაც. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა განიხილეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების წესები.
საქართველოს პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი 2023 წლის 14 ივნისს მიიღო, ხოლო ძირითადი ნაწილი ძალაში შევიდა 2024 წლის 1 მარტიდან.


