საქპატენტში ხარისხის მართვის საერთაშორისო ISO 9001:2015 სტანდარტის შესახებ 4-დღიანი ტრენინგი ჩატარდა
23 თებერვალი 2026 წ.
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თანამშრომლებისთვის მცხეთის
სათავო ოფისში ჩატარდა 4-დღიანი ტრენინგი თემაზე: „ISO 9001:2015 ხარისხის მართვის
სტანდარტი და შესრულების საკვანძო ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა“.
ტრენინგში
მონაწილეობდნენ საქპატენტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკოორდინაციო კომისიის
წევრები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. სწავლებას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი.
სასწავლო
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა საქპატენტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მაგალითზე
განიხილეს საერთაშორისო ISO 9001:2015 სტანდარტის ძირითადი პრინციპები და პროცესული
მიდგომა, მათ შორის, მართვის უწყვეტ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მოდელი ე.წ.
PDCA ციკლი. ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შესრულების საკვანძო
ინდიკატორების (KPI) განსაზღვრის მეთოდოლოგიას და საუკეთესო პრაქტიკას, ასევე მათი
კავშირის გაანალიზებას ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მიზნებთან. ტრენინგი წარიმართა
ინტერაქტიურად, პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებისა და დისკუსიების ფორმატში.
ტრენინგი
მიზნად ისახავდა ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდას, შედეგზე ორიენტირებული
მმართველობითი კულტურის გაძლიერებასა და ინსტიტუციური პროცესების გაუმჯობესებას. მიღებული
ცოდნა ხელს შეუწყობს საქპატენტში ხარისხის მართვის სისტემის შემდგომ განვითარებასა
და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას.
აღსანიშნავია,
რომ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სტანდარტი საქპატენტში 2021 წლიდან დაინერგა, ხოლო
მასზე სისტემური მუშაობა 2020 წლის დეკემბრიდან, „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ
ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში დაიწყო. ხოლო
2024 წელს უწყებამ წარმატებით გაიარა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის სასერტიფიკაციო
აუდიტი და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რაც ორგანიზაციის პროცესების ეფექტიანობისა
და ხარისხზე ორიენტირებული მართვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა.
ამასთან,
ხარისხის მართვის სისტემა არ წარმოადგენს ერთჯერად დანერგილ მექანიზმს, იგი მუდმივ
განახლებასა და განვითარებას საჭიროებს თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად.
ამ მიზნით ორგანიზაცია სისტემატურად ზრუნავს პერსონალის ცოდნისა და კომპეტენციების
განვითარებაზე, რაც პირდაპირ აისახება მართვის ხარისხის გაუმჯობესებაზე, პროცესების
ეფექტიანობაზე და ინსტიტუციური მდგრადობის განმტკიცებაზე. სწორედ თანამშრომელთა უწყვეტი
განვითარება ქმნის საფუძველს მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და ხარისხის მართვის
სისტემის მუდმივი გაუმჯობესებისთვის.