თბილისში ინტელექტუალური საკუთრების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა
22 აპრილი 2026 წ.


საქპატენტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენციის „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიებს, სადაც მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის წამყვანმა ექსპერტებმა და აკადემიური, თუ ინსტიტუციური სფეროს ლიდერებმა. პანელური დისკუსია გაიმართა ორი ძირითადი თემატური მიმართულებით.
პირველი პანელური დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე, დაეთმო უნივერსიტეტების სტრატეგიულ როლს კვლევის, ინოვაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს უნივერსიტეტების, როგორც ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების მამოძრავებელი ინსტიტუტების როლი. ყურადღება გამახვილდა ინტელექტუალური საკუთრების განათლებისა და პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე, როგორც ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშემწყობ მექანიზმზე.
დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ქმედით ინსტრუმენტებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია აკადემიური კვლევების შედეგების პრაქტიკულ და ბაზარზე ორიენტირებულ ინოვაციებად გარდაქმნა. ასევე ხაზგასმული იყო უნივერსიტეტების, ინდუსტრიისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის მნიშვნელობა ეფექტიანი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის მთავარი დირექტორი ხავიერ სეუბა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ცაგარელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სოფიო ბახტაძე.
მეორე პანელური დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების როლი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში, ინოვაციების კომერციალიზაციის მექანიზმები და სახელმწიფოს, ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი. დისკუსიის დროს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევისა და ინოვაციების ეკონომიკურ შედეგებად გარდაქმნაზე, ასევე ტექნოლოგიების გადაცემის ინსტრუმენტებზე, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და პატენტის, როგორც ბიზნესის დაცვისა და ინვესტიციების მოზიდვის ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის საპატენტო უწყების (EPO) საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრატორი ანტუან რეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და სს „ბიოქიმფარმის“ მმართველი პარტნიორი რატი ღოლიჯაშვილი.
დისკუსიის დასასრულს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ვალიდაციის შეთანხმების მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებისა და საერთაშორისო ინტეგრაციის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“. ანტონიო კამპინოსის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს მიერ ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ ოფიციალური მიმართვის გაგზავნა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივას გულისხმობს. ამ ნაბიჯამდე საქართველოში ამოქმედდა ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ევროპული პატენტების სამართლებრივ აღიარებას.