ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს
28 აპრილი 2026 წ.



ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფის (CEBS) საერთაშორისო კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის – დიზაინის როლს, ასევე დიზაინის სამართლის რიადის ხელშეკრულებისა (RDLT) და სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის მნიშვნელოვან ასპექტებს. კონფერენცია აერთიანებს ევროპის 14 სახელმწიფოს (ჩეხეთი, პოლონეთი, ალბანეთი, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი და საქართველო). ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ მაღალი რანგის სტუმრები WIPO-დან, სპეციალურად მოწვეული პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერები.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, ასევე, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და WIPO-ს სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის დირექტორმა მარკუს ჰოპერგერმა. კონფერენციის მონაწილეებს ჟენევიდან დისტანციურად მიმართა WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიზაინის დაცვის მნიშვნელობას მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას. სესიაზე განისაზღვრება დიზაინის გავლენა რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ეკონომიკაზე.
აღსანიშნავია, რომ საქპატენტის ინიციატივით უკვე დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები რიადის ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების მიზნით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.
კონფერენციის სესიების პარალელურად, მონაწილეებისთვის გაიმართა ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ეროვნული ბრენდები, როგორებიცაა: „ავთანდილი“, „ეშვი“, „დალოოდი“ და „სამოსელი პირველი“. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები.