ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების გამოფენა გაიმართა
29 აპრილი 2026 წ.

თბილისში დიზაინის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით იმართება და მასში ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში, მოეწყო ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა , სადაც წარმოდგენილია ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: „ავთანდილი“, „ეშვი“, „დალოოდი“ და „სამოსელი პირველი“. ექსპოზიცია, ასევე, აერთიანებს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ტრადიციული სამოსისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშებს.
საერთაშორისო კონფერენციის თემა სწორედ დიზაინის დაცვის ძირითად გამოწვევებს უკავშირდება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიზაინის დაცვის მნიშვნელობას მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს. ექსპოზიცია ისეა მოწყობილი, რომ მნახველს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში გაეცნოს ქართული დიზაინის ნიმუშებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული სამოსიდან თანამედროვე ინტერპრეტაციებამდე, წარმოდგენილია როგორც ისტორიული, ტრადიციული ნიმუშები, ასევე თანამედროვე სამოსი, რომელიც ინარჩუნებს და ახლებურად გადმოსცემს წარსულს. შესაბამისად გამოფენა ასახავს ქართული დიზაინის განვითარებას და უწყვეტ კავშირს ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის.
გამოფენაზე წარმოდგენილი ცნობილი ქართველი დიზაინერები აქტიურად ოპერირებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია უნიკალური ქართული კულტურის ინტეგრაციისა თანამედროვე საერთაშორისო კულტურულ სივრცეში.