დიზაინის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა
30 აპრილი 2026 წ.
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია
დიზაინის დაცვის შესახებ დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დარგობრივმა სპეციალისტებმა
ევროპის 14 ქვეყნიდან, მაღალი რანგის სტუმრებმა WIPO-დან, საქართველოს მთავრობისა და
კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ, ასევე, თბილისის
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორები, ცნობილი
ქართველი და უცხოელი დიზაინერები.
კონფერენციაზე აღინიშნა
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის - დიზაინის როლი თანამედროვე ეკონომიკაში, რომელიც
აერთიანებს ტექნოლოგიური სიახლეების, მარკეტინგული ორიენტირებისა და სამომხმარებლო
მოთხოვნის ფორმირებას. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებიც
მოიცავდა დიზაინერული ინოვაციების გავლენას ეკონომიკაზე რეგიონში თუ მის ფარგელებს
გარეთ. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს ჰააგის სისტემისა და რიადის ხელშეკრულებების
ურთიერთქმედებაზე დიზაინის დაცვის ყოვლისმომცველი ჩარჩოს შესაქმნელად. მათ იმსჯელეს
იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს ჰააგის სისტემა და რიადის ხელშეკრულება დღეს არსებულ
გამოწვევებს.
პანელზე პრეზენტაციებით
წარსდგნენ და დისკუსიას მოდერატორობას უწევდნენ WIPO-ს სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო
დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის დირექტორი მარკუს ჰოპერგერი, საქპატენტის
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე და საქპატენტის სასაქონლო
ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან
მჭედლიძე. საკუთარი ხედვა დიზაინის როლის შესახებ ეკონომიკის განვითარებაში წარმოადგინეს
ცნობილმა დიზაინერებმა ბუბა რადიანმა და კატერინა სოკოლოვამ.
პანელურ დისკუსიაზე,
ასევე მოხსენებები წარადგინეს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს მოულტრიმ,
ბოსნია-ჰერცოგოვინის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის დირექტორმა იოსიფ მერდჟომ,
მოლდოვის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ
ნატალია მოგოლიმ, WIPO -ს ცენტრალური ევროპის, ბალტიის ქვეყნებისა და ხმელთაშუა ზღვის
ქვეყნების სექტორის პროგრამის უფროსმა ოფიცერმა ემილ ჰასანოვმა. მომხსენებლებს შორის
იყვნენ WIPO-ს პოლიტიკისა და საკანონმდებლო კონსულტაციების სექციის იურიდიული ოფიცერი
ვიოლეტა გეტუ, პოლიტიკისა და საკანონმდებლო კონსულტაციების სექციის დიზაინის დეპარტამენტის
წამომადგენელი გიულსევი ესრა ბალი და პოლონეთის რესპუბლიკის სასაქონლო ნიშნებისა და
საპატენტო უწყების ექსპერტი აგნიესკა გაუელი.
კონფერენციის დასრულებისთანავე
ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს XVII საუკუნის უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა
თბილელის ქარვასლა, რომელიც აერთიანებს ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის
მუზეუმს, თბილისის ღვინის მუზეუმსა და „იდუმალ ბაღებს“, სადაც განთავსებულია ქართველი
დიზაინერებისა და მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ქარვასლა ქალაქის ისტორიისა
და კულტურის ერთგვარი სავიზიტო ბარათია თბილისის სტუმრებისთვის.