საქპატენტის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნავად „ჩინური ხალიანის“ ვაზის ჯიშის ნერგები დარგეს
08 მაისი 2026 წ.

საქპატენტის თავმჯდომარემ, თანამშრომლებთან ერთად, მცხეთის სათავო ოფისის ეზოში
გაშენებულ ვენახში, „ჩინური ხალიანის“ ვაზის
ჯიშის ნერგები დარგო. ამ პატარა ტერიტორიაზე უკვე ხარობს 33 ქართული ჯიშის ყურძენი
და საქპატენტში ვენახის მოვლა, დამუშავება, მოყვანა წლებია ტრადიციად იქცა. აღსანიშნავია,
რომ საქპატენტის დღევანდელი აქტივობა ეხმიანება 8 მაისის დღესასწაულს. ეს დღე მიმდინარე
წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის ეროვნულ დღედ
გამოცხადდა.
საქართველო მსოფლიოში ღვინის სამშობლოდაა აღიარებული, რომელსაც 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს და ეროვნული იდენტობისა თუ
კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ღირებულებად ითვლება.
ქართული უნიკალური ღვინოები რეგისტრირებულია საქპატენტში, როგორც ადგილწარმოშობის დასახელებები. ეს სტატუსი გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომელიც იწარმოება კონკრეტულ არეალში და ამ ადგილთან განსაკუთრებული მახასიათებლების, მაღალი ხარისხისა და უნიკალურობის გამო ასოცირდება. საქართველოში რეგისტრირებულია 33 ადგილწარმოშობის დასახელების უნიკალური ღვინო.