საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა მონაწილეობა მიიღო ჟენევაში, WIPO-ს განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) რიგით 36-ე სესიაში
13 მაისი 2026 წ.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინიციატივით, ჟენევაში, WIPO-ს სათავო ოფისში, განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) რიგით 36-ე სესია გაიმართა. სესიაში მონაწილეობდნენ დამკვირვებელი ორგანიზაციისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, მათ შორის სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სალომე ციმაკურიძემ.
სესიაზე განიხილეს განვითარების დღის წესრიგის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების საკითხები, მათ შორის, WIPO-ს გენერალური დირექტორის ანგარიში, იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის წვლილის შესახებ, ასევე დასრულებული პროექტების შედეგებზე.
სესიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ ინიციატივებს, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის გავლენას შემოქმედებით ინდუსტრიებსა და მხატვრული ნამუშევრების დაცვას ციფრულ ეპოქაში. ასევე, განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების როლი როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე შემოქმედებითი ეკონომიკისა და ინოვაციური ეკოსისტემების ხელშეწყობისა და გაძლიერების პროცესში.
დისკუსიების ფარგლებში, აღინიშნა ქალების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. აგრეთვე, იმსჯელეს ინკლუზიური ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალთა როლის გაძლიერებასა და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
საქპატენტი აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის (CDIP) ფარგლებში ინიციირებული პროექტების განხორციელებაში. სესიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების მზადყოფნა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს როგორც მიმდინარე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და ინიციატივებში.
სესიის დასრულების შემდეგ მიიღეს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნითი გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდგომ განსახილველად წარედგინება WIPO-ს გენერალურ ასამბლეას.
აღსანიშნავია, რომ განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტი 2007 წელს WIPO-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით შეიქმნა და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ პლატფორმას, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და განვითარების პოლიტიკის კოორდინაციას.