საქპატენტმა საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველ რაუნდში მიიღო მონაწილეობა
23 მაისი 2026 წ.
ქალაქ ბელგრადში „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაზე მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა.
ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთი თავი სრულად ეთმობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
მოლაპარაკებების რაუნდში საქპატენტის მხრიდან მონაწილეობა მიიღო იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ანუკი ობოლაძემ, რომელიც ასევე შეხვდა სერბეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის წარმომადგენლებს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. განიხილეს ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და მოლაპარაკების რაუნდში გათვალისწინებული ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.
მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ერთობლივ განცხადებას გასული წლის დეკემბერში, ბელგრადში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა.
შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდასა და საბაჟო-საიმპორტო გადასახადებისგან თავისუფალი რეჟიმის დამკვიდრებას.