საქპატენტის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
25 მაისი 2026 წ.


საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან კერესელიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ცინადოში გამართულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში.
2026 წლის ინტელექტუალური საკუთრების სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ორგანიზებით გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააერთიანა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩინეთში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ადგილობრივი პრაქტიკის გაცნობა. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სესიებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ მასპინძელი ქვეყნის გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, გამოყენებისა და საჯარო სერვისების მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ინტელექტუალური საკუთრების საჯარო სერვისები, ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება და კომერციალიზაცია, ელექტრონულ კომერციაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ასევე ადგილობრივი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა და პოპულარიზაცია.
გარდა ამისა, შედგა პროგრამით გათვალისწინებული „Country Report“ ფორმატის შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და მიღწევებზე. დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებდა საველე ვიზიტებს, მათ შორის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ადგილობრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სადემონსტრაციო ზონაში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ ინტელექტუალური საკუთრების მართვის პრაქტიკულ მაგალითებს.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ისეთი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორიცაა: ბრაზილია, ჩილე, ეგვიპტე, ურუგვაი, უნგრეთი, მექსიკა, მაროკო, მოლდოვა, სერბეთი და ტაჯიკეთი, ასევე აფრიკის რეგიონული ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია (ARIPO), აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია (OAPI) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამდივნო.