საქპატენტმა WIPO-ს აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026 წ.

ქალაქ ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში WIPO-ს აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) რიგით მე-18 სესია გაიმართა. სესიაზე მოწვეული სპიკერის სტატუსით საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე წარდგა პრეზენტაციით თემაზე: „საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებების საშუალებით“.
დარეჯან მჭედლიძემ აუდიტორიას საქპატენტის მიერ 2024-2025 წლებში განხორციელებული საგანმანათლებლო, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობების შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გაზიარებას, ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით შემუშავებულ პირველ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც WIPO-ს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე ამოქმედდა და ფოკუსირებულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე, ინოვაციებსა და მეწარმეობაზე. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, საგანმანათლებლო სფეროში საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
საქპატენტის წამომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის საქმიანობას, რომელიც WIPO-სთან ერთად ახორციელებს არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას. მათ შორის აღსანიშნავია WIPO-ს აკადემიის ქართულენოვანი ონლაინ კურსი (DL101GE), ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები, ახალგაზრდული ბანაკები, ტრენინგები, სტუდენტური აქტივობები და პროფესიული სტაჟირების პროგრამები.
სესიის ფარგლებში კომიტეტმა განიხილა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული ოთხი ძირითადი მიმართულება:
წევრი სახელმწიფოების საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საგანმანათლებლო აქტივობები; ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების პოლიტიკა და ინსტიტუციური მექანიზმები, მათ შორის, დავების ეფექტიანი და დაბალანსებული გადაწყვეტის გზები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით WIPO-ს სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობები; ეროვნული კანონმდებლობების შემუშავების პროცესში თანამშრომლობის პერსპექტივები; აგრეთვე ეროვნულ და რეგიონულ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერების, სასწავლო პროგრამებისა და WIPO-ს მხარდაჭერით განხორციელებული წარმატებული ინიციატივები.
აღსანიშნავია, რომ WIPO-ს აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტი დაფუძნდა 2002 წელს, WIPO-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით. კომიტეტის მანდატი მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით წევრი სახელმწიფოებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.