განცხადება
05 ივნისი 2026 წ.
2026 წლის 17 მარტს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული N2/747-20 გადაწყვეტილებით, საქპატენტს დაევალა 2020 წლის 13 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სასამართლო დავაში მოსარჩელე იყო ირაკლი კასრაძე, რომელიც ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელების დროს იკავებდა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, მოპასუხე მხარეს – საქპატენტს კი წარმოადგენდა, საქპატენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე მინდია დავითაძე.
სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საქპატენტი უარყოფს 2020 წლის 13 აგვისტოს საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ შინაარსს:
„მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში საქპატენტის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა, რომ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კასრაძეს წარმოებაში ჰქონდა სიუჟეტში მითითებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის შესახებ განცხადებები, რომელთა რეგისტრაციის ირგვლივ დეპარტამენტის უფროსის ქმედებები აჩენდა აღნიშნული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცესის პოლიტიკური მიზნებით შესაძლო გამოყენების შესახებ კითხვებს“.
„შესაბამისად, ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის თავიდან ასაცილებლად, საქპატენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ირაკლი კასრაძეს ჩამოერთვა მასზე დელეგირებული უფლებამოსილება“.
„შესაბამისად, საქპატენტი არც მომავალში დაუშვებს თანამდებობრივი უფლებამოსილების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობებს და მიიღებს ზომებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად“.
დაკმაყოფილდა ირაკლი კასრაძის სარჩელი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ წინააღმდეგ.