საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელმა სტრასბურგში საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
10 ივნისი 2026 წ.


საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელმა
ლალი ამირანაშვილმა სტრასბურგში მონაწილეობა მიიღო სასერტიფიკატო ტრენინგ-პროგრამაში
- „ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგიის ტრანსფერი და ლიცენზირება“. პროგრამა ხორციელდება
CEIPI-ის, WIPO Academy-სა და საფრანგეთის სამრეწველო საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის
(INPI) თანამშრომლობით და მიზნად ისახავს მონაწილეთა პრაქტიკული და სტრატეგიული კომპეტენციების
განვითარებას ინტელექტუალური საკუთრების მართვის, ტექნოლოგიის ტრანსფერის, კვლევის
შედეგების კომერციალიზაციისა და ლიცენზირების მიმართულებით.
სასწავლო პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდა.
პირველ ეტაპზე მონაწილეებმა გაიარეს დისტანციური სასწავლო კურსი „ინტელექტუალური საკუთრების
მენეჯმენტი (DL-450)“, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ კი მეორე ეტაპი მოიცავდა
ერთკვირიან ინტენსიურ ტრენინგებს სტრასბურგში. პროგრამის დასკვნითი, სასერტიფიკატო
ეტაპი კი პირველი ორი ფაზის წარმატებით დასრულების საფუძველზე განხორციელდა.
ექვსკვირიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში
განხილულ იქნა ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის
მნიშვნელოვანი საკითხები. სწავლების პროცესში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ტექნოლოგიის
ტრანსფერის ოფისების (TTO) შექმნისა და განვითარების შესახებ, ინტელექტუალური საკუთრების
ოფისებსა და ტექნოლოგიის ტრანსფერის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის, ასევე ლიცენზირების
პრაქტიკასა და შესაბამისი ხელშეკრულებების შედგენის თაობაზე. ტრენინგებზე ყურადღება
დაეთმო სტარტაპებისა და სპინ-ოფ კომპანიების ფორმირების საკითხს, მონაწილეებმა მიმოიხილეს
ასევე ინოვაციების მხარდაჭერისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების
ამაღლების სტრატეგიები.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს უმასპინძლეს
სტრასბურგის მერიაში, სადაც ოფიციალურ მიღებაზე მათ შეხვდა ქალაქისა და ევრომეტროპოლიის
უმაღლესი განათლების, კვლევისა და სტუდენტური ცხოვრების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი
და მუნიციპალური საბჭოს წევრი, აბდელაზიზ შოუკრი.
გარდა ამისა, მონაწილეები ეწვივნენ
სტრასბურგის უნივერსიტეტის ბიომედიცინის კვლევით ცენტრს Inserm Est-ს, სადაც გაეცნენ
ბიომედიცინის სფეროში მიმდინარე კვლევებს, ინოვაციების განვითარების პროცესსა და ტექნოლოგიების
ტრანსფერის პრაქტიკულ მაგალითებს.
პროგრამაში მონაწილეობდა 19 ქვეყნის
წარმომადგენელი ბრაზილიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, განადან,
იამაიკადან, კენიადან, მაროკოდან, ასევე მონაწილეები წარმოადგენდნენ ფილიპინებს, პოლონეთს,
რუანდას, ტაილანდს, უგანდას, ზიმბაბვეს, ნიგერიას, ვიეტნამს, პორტუგალიას, შვეიცარიასა
და საქართველოს.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას,
ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ლიცენზირების თანამედროვე მექანიზმების ათვისებას, რაც
მნიშვნელოვანია საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემისა და ინტელექტუალური საკუთრების
სისტემის განვითარებისათვის.