პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
26 ივნისი 2026 წ.
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, ერთხმად დაამტკიცა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ინიციატივითა და ავტორობით მომზადდა.
კანონპროექტის მიღებით დიზაინის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების მოთხოვნებთან. მიღებული კანონპროექტით განისაზღვრა პრიორიტეტის უფლების აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები, პირობები და პროცედურული წესი. ცვლილებების შედეგად, დაინტერესებულ პირებსა და დიზაინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ აღიდგინონ პრიორიტეტის უფლება ან დიზაინზე არსებული უფლებები იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ვადის დარღვევა გამოწვეული იყო ობიექტური და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით. აღნიშნული ნორმა მოაწესრიგებს ვადის დაუცველობის შემთხვევაში დიზაინის მფლობელის უფლებების აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საგულისხმოა, რომ „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება მიზნად ისახავს იმ პრაქტიკული და ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებას, რომლებიც დიზაინერებსა და მეწარმეებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, დიზაინის სამართლებრივ დაცვასა და საერთაშორისო ბაზარზე საქმიანობას ურთულებს. ხელშეკრულება ხელს უწყობს პროცედურების ჰარმონიზაციას, ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და ზრდის სამართლებრივი დაცვის პროგნოზირებადობას.
დიზაინის დაცვა წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს, სამართლიან კონკურენციას და ეკონომიკურ განვითარებას. ციფრულ ეპოქაში, როდესაც პროდუქტის ვიზუალური იდენტობა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ქმნის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობას, რომელიც დიზაინერების შრომის დაცვას უზრუნველყოფს. დიზაინის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის სისტემის განვითარება მიზნად ისახავს შემოქმედებითი რესურსების სრულფასოვან გამოყენებასა და მათი ეკონომიკურ პოტენციალად გარდაქმნას. ამ სფეროს სამართლებრივი და ინსტიტუციური გაძლიერება არა მხოლოდ განამტკიცებს შემოქმედებით ინდუსტრიებს, არამედ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინვესტიციების მოზიდვისა და ინოვაციური საქმიანობის წახალისებისთვის.
აღსანიშნავია, რომ „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება, მის საფუძველზე შემუშავებულ რეგულაციებთან და შესაბამის რეზოლუციასთან ერთად, მიღებულ იქნა 2024 წლის 22 ნოემბერს, რიადში, საუდის არაბეთის სამეფოში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე.