სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა
10 ივლისი 2026 წ.


ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე შეხვდნენ WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს.
შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ დარენ ტანგს გადასცა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებასთან შეერთების სიგელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 26 ივნისს ერთხმად დაამტკიცა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რითაც დიზაინის დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების მოთხოვნებთან, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დიზაინის რეგისტრაციასა და რიადის ხელშეკრულებას მიეძღვნა 2026 წელს თბილისში გამართული WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივი რეგიონული კონფერენცია, რომელშიც ევროპის 14 სახელმწიფოს წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივებს, რომელთა შორის გამორჩეულია საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაცია და მეწარმეობა“, რომელიც WIPO-ს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე, 2025 წლის შემოდგომიდან დაინერგა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო შეთავაზებას რეგიონში.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა მიმდინარეობს, რომელშიც განთავსდება ასევე თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საქპატენტის სასწავლო ცენტრიც. პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა მიმართულების სწავლებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი ირინე ხულუზაური და საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანუკი ობოლაძე.
WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე უკვე შეხვდა ევროპის საპატენტო უწყების ხელმძღვანელს ანტონიო კამპინოსს, დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები WIPO-ს აკადემიის დირექტორთან ჰონგბინგ შენსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. მაღალი დონის შეხვედრების პარალელურად, წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში, მთავარი კულტურული ღონისძიება სწორედ საქპატენტის ორგანიზებით გაიმართა და საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ასევე ასეულობით დელეგატი მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერები მთელი მსოფლიოდან
ბოლო სიახლეები