სემინარი ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ
11 ივლისი 2016 წ.
აშშ მთავრობის, აშშ-ს სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების( USPTO) დახმარებით, 10-11 ივლისს, საქპატენტის ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს აშშ-ს კანონმდებლობა, მიდგომები და პრაქტიკული მაგალითები „ინტერენეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“.
10 ივლისს სამუშაო შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მაგთიკომის“, ბრავო რეკორდსის“, „კავკასუს ონლაინის“, სილქნეტის“, „მაიქროსოფტ საქართველოს“ და სხვა კომპანიების წარმომადგენლებს ამერიკელმა ექსპერტებმა გააცნეს აშშ-ს მეორადი პასუხისმგებლობების სისტემა და სხვა ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა (ISPs) პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ნაწილობრივ ითვალისწინებს ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობას და იმსჯელეს ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაზე.
11 ივლისს სამუშაო შეხვედრა იმავე თემაზე საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის ეფექტური სისტემის შემუშავება საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულების განხორციელების მიზნით, სამუშაო შეხვედრა TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში გაიმართება 27 ივლისს, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ევროკავშირის მიდგომებსა და გამოცდილებას ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ.

