ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მონაცემთა ბაზებში საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების ძიება უკვე შესაძლებელია
07 ივლისი 2016 წ.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მონაცემთა ბაზებში TM View და DS View-ში საქპატენტის სასაქონლო ნიშნების და დიზაინების მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია განხორციელდა. დღეიდან, 7 ივლისიდან (2016 წ.), უცხოელ მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ვებ-გვერდზე მიიღონ. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ EUIPO-ს მონაცემთა ბაზებში ძიებას ქართული ინტერფეისის გამოყენებით. საქპატენტი ასევე, მიუერთდა TMclass-ის პროგრამას, რომელიც საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის 42 ენაზე ძიების და თარგმნის საშუალებას იძლევა.
პროგრამის ოფიციალური გაშვება დღეს, საქპატენტის ოფისში EUIPO-ს აღმასრულებელი დირექტორის ანტონიო კამპინოსის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს მოხდა, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფება.
EUIPO-სა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს - საქპატენტს შორის თანამშრომლობა 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მონაცემთა ბაზების ინტეგრაციასთან ერთად, ქართველი ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებას, სასაქონლო ნიშნების და დიზაინის სახელმძღვანელოების შემუშავებაში დახმარებას და საქპატენტის სასწავლო ცენტრთან თნამშრომლობას ითვალისწინებს.
EUIPO - სთან თანამშრომლობა, რომელიც ერთი განაცხადის საშუალებით ევროკავშირის ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ახორციელებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას და „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულებას.

