საქპატენტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმზე (2016 წ)
16 ივნისი 2016 წ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia)-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში (SDSU-Georgia)- ორგანიზებით, 10 ივნისს (2016), სასტუმრო რედისონში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმი ჩატარდა, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს და მათთან საგანმანათლებლო და სტაჟირების შესაძლებლობები განიხილეს.
სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -საქპატენტი. დაინტერესებულ პირებს საქპატენტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი პოლიტიკის შესახებ. საქპატენტი საშუალებას მისცემს სან დიეგოს უნივერსიტეტის მოწინავე სტუდენტებს სტაჟირება გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. საქპატენტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება სტუდენტებს შემდგომ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.
2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებს, სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში და ქიმია/ბიოქიმიაში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში პირველივე წელს მიიღო უნიკალური უნარებისა და კვალიფიკაციის მქონდე სტუდენტთა ნაკადი. მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში გამარჯვებული ახალგაზრდა გამომგონებლები და ინოვატორები, რომლებიც უკვე არაერთ პროექტს ახორციელებენ.

