ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეებს დღეს, 22 აპრილს, საქპატენტმა უმასპინძლა, სადაც საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ ინტელექტუალური საკუთრებისა და საპატენტო სისტემის შესახებ პრეზენტაციები გამართეს. შეხვედრას 25 ქვეყნის წარმომადგენელი კონკურსანტი დაესწრო. ისინი გაეცნენ საქპატენტის მუშაობის სპეციფიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე პროცესებს. მიღებული ინფორმაცია ოლიმპიადის მონაწილეებს დაეხმარება შემდგომი კვლევების ეფექტურად წარმართვასა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შექმნაში.
ოლიმპიადა „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ინიციატივით 2006 წლიდან ტარდება. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერია და აქტიურადაა ჩართული ოლიმპიადის წარმართვის პროცესში. გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში სხვა სპეციალისტებთან ერთად მიწვეულები არიან საქპატენტის გამოგონებების დეპარტამენტის დარგობრივი სპეციალისტები ვასილ გიორგაძე და მამუკა სამადაშვილი. საუკეთესო გამოგონების ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და სხვადასხვა წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით. ოლიმპიადაზე წარმოდგენილ ყველაზე ინოვატორულ პროექტს საქპატენტის სპეციალური პრიზი გადაეცემა.