კითხვა-პასუხი
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, გამონაკლის შემთხვევებში, სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე (ადგილის სახელი ან მისი მიმანიშნებელი სხვა რაიმე აღნიშვნა) და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.
გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულება უშუალოდ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეობს. გეოგრაფიული აღნიშვნა მიუთითებს ადგილზე, რომელიც იქ წარმოშობილი პროდუქტის დამახასიათებელ თვისებებს განაპირობებს, ამიტომ გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.
გეოგრაფიული აღნიშვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის საქონლისათვის, თუმცა სადღეისოდ ისინი ყველაზე ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და, უპირველეს ყოვლისა, ღვინის წარმოებაში.
ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული აღნიშვნის განსაკუთრებული სახეობა. გეოგრაფიული აღნიშვნისგან განსხვავებით, ადგილწარმოშობის დასახელება შეიძლება იყოს მხოლოდ გეოგრაფიული ადგილის სახელი და იგი შეიძლება გამოიყენებოდეს ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული (და არა განსაზღვრული) ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით. ამასთან, პროდუქციის დამზადებასთან დაკავშირებული მთლიანი ციკლი უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.
ამდენად, გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას.
სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო, რომელსაც იყენებს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რათა თავისი საქონელი ან მომსახურება განასხვავოს სხვისი საქონლის ან მომსახურებისაგან. გეოგრაფიული აღნიშვნა კი მომხმარებელს მიანიშნებს იმაზე, რომ პროდუქტი წარმოებულია გარკვეულ ადგილზე და გააჩნია წარმოების ადგილით განპირობებული განსაზღვრული თვისებები.
სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, აკრძალოს მისი სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენება სხვების მიერ მაშინ, როდესაც გეოგრაფიული აღნიშვნა შეიძლება გამოიყენოს ყველა მეწარმემ, რომელიც თავის პროდუქციას გეოგრაფიული აღნიშვნით მითითებულ ადგილზე აწარმოებს და რომლის პროდუქციის მახასიათებლებიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც:
- შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ;
- შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციას, ზნეობრივ ნორმებს;
- ემთხვევა მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშის სახელს, რამაც შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ.
გეოგრაფიული აღნიშვნა არ შეიძლება იქცეს გვარეობით ცნებად!
გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციიდან გამომდინარე, აკრძალულია:
- რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ საქონელთან კავშირში, რომელზედაც არ ვრცელდება რეგისტრაცია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საქონელი რეგისტრირებული საქონლის მსგავსია; ან ამ რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას;
- რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ისეთი გამოყენება, რომელიც სიტყვა-სიტყვით ზუსტად მიუთითებს საქონლის წარმოების, მისი ნედლეულის დამზადების ან დამუშავების ადგილზე, მაგრამ მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობაზე;
- ისეთი სახელის ან სიმბოლო გამოყენება, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის მიბაძვას, თუნდაც თარგმანში, ან ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა: «ტიპის», «სტილის», «მსგავსი», «ნაირი», «მეთოდით» და ა.შ.;
- საქონლის შეფუთვაზე, საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ან რეკლამაში ისეთი სიმბოლოს გამოყენება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი საქონლის წარმოშობის ადგილის, განსაკუთრებული ხარისხის ან თვისებების შესახებ;
- საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი მის წარმოშობასთან დაკავშირებით.
გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე განაცხადი თანდართულ საბუთებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს საქპატენტში უშუალოდ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის (პატენტრწმუნებლის) მიერ.
განაცხადი შესაძლებელია შეტანილ იქნას ელექტრონულად ან ნაბეჭდი ფორმით. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე და უნდა ეხებოდეს საქონლის ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
- თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ;
- განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;
- ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას;
- იმ საქონლის დასახელებას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;
განაცხადს უნდა ახლდეს:
1. კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დამტკიცებული საბუთი, რომელიც შეიცავს:
- საქონლის და მისი ნედლეულის აღწერას, ქიმიურ, ფიზიკურ, მიკრობიოლოგიურ ან/და ორგანოლეპტიკურ და სხვა მახასიათებლებს;
- საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერას მისი ზუსტი საზღვრების მითითებით;
- საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას მათი არსებობის შემთხვევაში;
- მონაცემებს, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილწარმოშობის დასახელების მქონე საქონლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით;
- მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან;
2. საბუთი, გაცემული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს ამ საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობას;
3. მინდობილობა წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ.
იმ მონაცემების დადასტურება, რომლებსაც უნდა შეიცავდეს განაცხადის თანმხლები საბუთი, უკავშირდება კომპლექსურ კვლევით სამუშაოებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ფართო სპექტრის მონაწილეობით. ბუნებრივია, სპეციალისტთა შერჩევა ხდება იმ დარგის სპეციალისტთა შორის, რომელსაც განეკუთვნება გეოგრაფიული აღნიშვნით მოსანიშნი პროდუქტი. ამიტომ უფლებამოსილი ორგანოს სახით, როგორც წესი, კანონმდებლობა შესაბამის დარგობრივ სამინისტროს განსაზღვრავს.
სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების დარგში, უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქპატენტში შეტანილ განაცხადს უტარდება ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზა.
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.
არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე:
- დგინდება, წარმოდგენს თუ არა განსახილველი სიმბოლო ან სიტყვა ისეთ სიმბოლოს ან სიტყვას, რომლის გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია დაუშვებელია;
- მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადის თანმხლები საბუთებით წარდგენილი მონაცემები კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
- ტარდება მოძიება სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების მონაცემთა ბაზებში შესაძლო დაპირისპირებული, ადრინდელი უფლებების მქონე სიმბოლოს ან სახელის გამოსავლენად.
თუ არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, რომ არ არსებობს გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, საქპატენტი განაცხადის მასალებს აქვეყნებს ბიულეტენში, ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში.
თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით საქპატენტში შემოვა დამატებითი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია შესასწავლად ეგზავნება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, ამ მასალებთან დაკავშირებით არ შემოვა არანაირი ინფორმაცია, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ, განაცხადის მასალებში არსებული მონაცემები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ინფორმაციას ამის შესახებ ბიულეტენში.
გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია უვადოა.
გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ მოცემული გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების ან ადამიანის ფაქტორის შეცვლის ან გაქრობის გამო შეუძლებელია ისეთი საქონლის წარმოება, რომელსაც ექნება რეესტრში მითითებული განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები.
ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მოიპოვებს ან გადაამუშავებს ნედლეულს, ან რომელსაც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში აქვს რეგისტრირებული მოქმედი საწარმო, ხოლო წარმოებული საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები იგივეა, რაც რეესტრში დაფიქსირებული განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები, და გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ორგანოს თანხმობა, შეუძლია საქპატენტში წარადგინოს განაცხადი რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირად დასარეგისტრირებლად.
მონაცემები რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის შესახებ საქპატენტს შეაქვს რეესტრში.
გამოყენების უფლება შეიძლება გადაისინჯოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით.
სხვა ქვეყნის საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.
სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია ხდება საქპატენტში.
თუ საქართველოში რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა ან საქართველოს რომელიმე გეოგრაფიული ადგილის სახელი სხვა ქვეყანაში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ომონიმია, საქართველოში ასეთი აღნიშვნის დაცვის წესი და გამოყენების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის სახელის ან რაიმე სხვა განმასხვავებელი სიმბოლოს დამატებას.
საქართველოში დაცული უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნებისა და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/112/.
„ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმებით“ საქართველოში დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - http://www.wipo.int/ipdl/en/search/lisbon/search-struct.jsp.
ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საზღვარგარეთ შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ასეთად იქნება აღიარებული ან რეგისტრირებული საქართველოში, ამასთან შესაძლებელია:
- შეტანილ იქნას განაცხადი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უშუალოდ სათანადო ქვეყნის შესაბამის უწყებაში;
- „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების“ საფუძველზე წარედგინოს განაცხადი საერთაშორისო ბიუროს და მოთხოვნილ იქნას ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა ამ შეთანხმების წევრ ქვეყნებში;
- მისი დაცვა განხორციელდეს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია იმ ქვეყანასთან, სადაც მოითხოვება დაცვა.
საზღვარგარეთ დაცული ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/113/.
გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დონეზე დაცვის მარეგულირებელ დებულებებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მიერ ადმინისტრირებული სამი მრავალმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს. ესენია: „პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ (პარიზის კონვენცია), „მადრიდის შეთანხმება ყალბი ან შეცდომაში შემყვანი წარმოშობის აღნიშვნების აღკვეთის შესახებ“ (მადრიდის შეთანხმება) და „ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებათა დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ (ლისაბონის შეთანხმება).
გარდა ამისა, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმება“ (TRIPS-შეთანხმება) ეხება გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დაცვას, რომელიც ადმინისტრირებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) მიერ.
საქართველო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულების მონაწილეა, გარდა მადრიდის შეთანხმებისა.
გარდა ამისა, ზოგ ქვეყანაში, რომლის კანონმდებლობაც არ მიიჩნევს გეოგრაფიულ აღნიშვნებს სამართლებრივი დაცვის ობიექტად (მაგ. აშშ), მათი დაცვა შესაძლებელია სასერტიფიკაციო ნიშნების სახით. მაგალითად, ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებები, როგორიცაა „ქინძმარაული და „ხვანჭკარა“ დაცულია აშშ-ში, როგორც სასერტიფიკაციო ნიშნები.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირება ხორციელდება შემდეგი ნორმატიული აქტების საფუძველზე:
- საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“;
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები (2002 წლის 28 თებერვლის N88 და 2002 წლის 6 ნოემბრის N470), რომლებიც ეხება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასა და გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

