პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა. გამოცდის მიზანია იმ პირთა შერჩევა, რომლებსაც გააჩნიათ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად საჭირო თეორიული ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, მინიმუმ, 2 წელიწადში ერთხელ. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქპატენტის თავმჯდომარე. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მეორე – 2026 წლის 31 დეკემბრამდე. გამოცდა ჩატარდება 2 სპეციალიზაციით: 1. საერთო სპეციალიზაციაში; 2. სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციაში. გამოცდის თარიღი, პროგრამა და რეგისტრაციის ვადა საჯაროდ ქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა.
საგამოცდო დავალებები შედგენილია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვრის №11 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად.
პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საგამოცდო დავალებების შექმნის მიზნით, საქპატენტის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე და WIPO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) უშუალო ჩართულობით შეიქმნა იმ უცხოელ (აშშ, საფრანგეთი, ტაილანდი) ექსპერტთაგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც აქვთ შესაბამისი პროფესიული კომპეტენცია და პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის, საგამოცდო დავალებების შემუშავების მიმართულებით. შედეგად, საერთაშორისო ექსპერტების მიერ საგანგებოდ შემუშავდა საგამოცდო დავალებების ბანკი, რომლის ქართულ ენაზე თარგმნასა და შემოწმებაში, დარგის ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობდნენ სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფსიქომეტრიის სპეციალისტებიც.