ტრაპიზონში გეოგრაფიული აღნიშვნების რეგიონული სიმპოზიუმი მიმდინარეობს
12 სექტემბერი 2017 წ.
2017 წლის 12-13 სექტემბერს, თურქეთში, ქ. ტრაპიზონში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ და თურქეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების „თურქპატენტი“-ს ორგანიზებით ტარდება გეოგრაფიული აღნიშვნების რეგიონული სიმპოზიუმი, სადაც განიხილავენ წარმოშობაზე დაფუძნებული პროდუქტების სამართლებრივი დაცვის საკითხებს. სიმპოზიუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ გეოგრაფიული აღნიშვნის განვითარების სტრატეგიასა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სოციო-ეკონომიკურ გავლენებზე, გაეცნობიან თურქეთისა და საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემებს და გაიზიარებენ ევროკავშირის გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის აღსრულების მიმართულებით.
სიმპოზიუმის პარალელურად მიმდინარეობს ქართული და თურქული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტების გამოფენა - დეგუსტაცია, სადაც გამოფენილია თურქეთსა და საქართველოში დარეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები, მათ შორის საქართველოდან სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო, მინერალური წყლები, ყველის ნაირსახეობები, ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის მთის ჩაი, მაჭახელას თაფლი. გამოფენა ხელს შეუწყობს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციასა და ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

