„მაიქროსოფთი“ კომპანიებს კიბერსაფრთხეებისგან თავის დაცვის სერვისს სთავაზობს
09 ნოემბერი 2017 წ.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების განსახილველად, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში 2017 წლის 7 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და „მაიქროსოფთის“ „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვისა და შესაბამისობის“ დირექტორი ლორან სინიორე.
შეხვედრაზე განიხილეს „მაიქროსოფთის“ მორიგი ინიციატივა, რომელიც მომხმარებლებისთვის კიბერდარტყმებისგან თავის დაცვის სერვისის შეთავაზებას ითვალისწინებს. კერძოდ, აღნიშნული გულისხმობს იმის შეფასებას, თუ რა სახის პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ მომხმარებლები, სად სჭირდებათ ლიცენზირება, რა ნაწილში გააჩნიათ გარკვეული რისკები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პირადი ინფორმაციის გამჟღავნება და სხვადასხვა სახის კიბერთავდასხმები. აღნიშნული სერვისი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ლიცენზირებული პროდუქტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდას. ამასთან, მომხმარებლისთვის ცნობილი გახდება, თუ რა ძირითად უპირატესობებს მისცემს მათ ლეგალური პროდუქციის გამოყენება.
შეხვედრისას, მონაწილეებმა ასევე, განიხილეს ლიცენზირებული კომპიუტერული პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში დღეს არსებული ვითარება და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გეგმები ციფრულ სივრცეში მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მათ ასევე, ხაზი გაუსვეს ამ კუთხით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებისა და მოსარგებლეებისთვის ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობების, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებისა და საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

