Creative Business Cup Georgia - ქართული კრეატიული სტარტაპების ყოველწლიური ჩემპიონატი ჩატარდა
11 ივნისი 2017 წ.
2017 წლის 11 და 15 ივნისს საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო კრეატიული სტარტაპების საქართველოს მეორე ჩემპიონატში Creative Business Cup Georgia (CBC) 2017. ჟიურის შემადგენლობაში მონაწილეობდა საქპატენტის გამოგონებების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია. პროექტების წინასწარი შეფასების მიზნით, საქპატენტმა ჩაატარა ასევე წინასწარი საპატენტო ძიება. სულ შემოვიდა 40 განაცხადი, რომელთაგან ჟიურის მიერ პირველ ტურში, 11 ივნისს, გადაირჩა 10 პროექტი, ხოლო ტურნირის ფინალში 15 ივნისს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი პრიზი - ღვინის ჩაი / Wine Tea (გიორგი ბუკია, გიორგი ნატროშვილი)
მეორე პრიზი - კოგნიტიური სათამაშოები / Cognitive Toys (თამაზ არუნაშვილი, მარიამ ამაშუკელი)
მესამე პრიზი - ქართული სუნელები / Spy Recipe (მაიკო ქავთარაძე, დავით ქავთარაძე).
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და, ამასთანავე, პირველ ადგილზე გასული გუნდის 2 წევრი გაემგზავრება კოპენჰაგენში, სიბისის საერთაშორისო ფინალურ ტურნირზე.
ამის გარდა, განსაკუთრებული აღნიშვნის სერტიფიკატები სოციალური მნიშვნელობის პროექტების წარმოდგენისათვის გადაეცათ:
გარემოს რელიეფზე მორგებადი ახალი ტიპის სამშენებლო სისტემები - რევაზ ავალიშვილი
Wheel Set - ირაკლი გოდერძიშვილი; ლაშა ლორთქიფანიძე
Creative Business Cup Georgia - ქართული კრეატიული სტარტაპების ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება. ჩემპიონატს ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიბისი ჯორჯია", რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოიძიებს და არჩევს ინოვაციურ სტარტაპებს. ჩემპიონატის ჟიური დაკომპლექტებულია საქართველოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანებით. ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები მიემგზავრებიან კრეატიული სტარტაპების საერთაშორისო ჩემპიონატზე Creative Business Cup, რომელიც ყოველწლიურად, ნოემბრის თვეში დანიაში იმართება. Creative Business Cup ამავდროულად, გლობალური მოძრაობაა, რომელიც თანამშრომლობს ინვესტორებთან, მედიასთან, მთავრობებთან და შემოქმედ მეწარმეებთან. საქპატენტი უკვე მეორე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს "სიბისი ჯორჯიასთან."

