საქპატენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19 მარტი 2018 წ.
19 მარტს, საქპატენტის თბილისის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების საკითხი, რაც მიზნად ისახავს, „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან“ კანონის შესაბამისობაში მოყვანას.
სამუშაო შეხვედრაში, საქპატენტის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ბრენდინგისა და დიზაინის დეპარტამენტის ლისაბონის განყოფილების დირექტორმა, ალექსანდრა გრაციოლიმ და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, პასკალ ბერნარდონიმ.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განსაზღვრებების ჟენევის აქტთან შესაბამისობაში მოყვანას, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის განსაზღვრას, საქონლის სპეციფიკაციის ძირითადი ელემენტების დადგენას და მასში ცვლილებების შეტანის პირობებს. ცვლილებები ასევე, შეეხება ექსპერტიზის ჩატარების პროცედურების დაზუსტებას, განსაკუთრებული უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გათვალისწინებას, და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებების პროექტის ტექსტის შემუშავების მიზნით, უცხოელი ექსპერტები საქართველოში 22 მარტამდე დარჩებიან.
