ტვინინგის (Twinning) პროექტის მეორე მისია
13 მაისი 2019 წ.
დღეს, 13 მაისს (2019 წ.), „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია. პროექტი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის (Twinning) პროექტის ფარგლებში, ითვალისწინებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების არსებული სისტემის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილება ,,საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი, ასევე დეტალურად იქნება შესწავლილი აღნიშნული ცვლილებების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი.
პროექტის მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, რომელსაც საშუალება ეძლევა გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით, წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შექმნას ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებაში.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში, უცხოელი და ქართველი ექსპერტების სამუშაო შეხვედრების მეორე სერია ხუთი დღე გაგრძელდება.
