სამუშაო შეხვედრა Twinning-ის პროექტის ფარგლებში
26 ნოემბერი 2019 წ.
დღეს, 26 ნოემბერს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, მასპინძლობს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროს ექსპერტებისა და ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის მწარმოებელთა ასოციაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას, რომელიც იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანია მწარმოებლებისა და ასოციაციების რესურსების შეფასება და მათი საჭიროებების დადგენა, რათა მომავალში მათ შეძლონ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემაში თავიანთი როლისა და უფლებამოსილებების განსაზღვრა. მონაწილეები ასევე, გაეცნობიან ,,საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების განსაზღვრას, საქონლის სპეციფიკაციის ძირითადი ელემენტების დადგენას, ექსპერტიზის ჩატარების პროცედურების დაზუსტებას, მწარმოებელთა გაერთიანებების როლის განსაზღვრას, დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გათვალისწინებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
აღნიშნული შეხვედრა ეთმობა ღვინისა და ყველის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მწარმოებელთა ასოციაციებისა და ქართველი, ფრანგი და იტალიელი ექსპერტების დისკუსიას, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში. შეხვედრის შედეგად, უცხოელი ექსპერტების მიერ, მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდის კუთხით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ ფარგლებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია ასევე სხვა ღონისძიებების განხორცილებაც.
