ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა დამცავი დოკუმენტი გასცა სასარგებლო მოდელზე, რომლის ტექნიკური შედეგია სერფინგის დაფის უსაფრთხოებისა და მოხერხებულობის ერთდროული ამაღლება, როგორც წყლის ზედაპირზე სასრიალოდ, ასევე ტრანსპორტირების და შენახვის დროს.
სასარგებლო მოდელი, რომლის ავტორია გამომგონებელი გივი კევლიშვილი, განეკუთვნება სპორტულ - გასართობ ინვენტარს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც სპორტული შეჯიბრებისთვის, ისე კომფორტული დასვენებისთვის. შემოთავაზებული სერფინგის დაფა არის ნაკლებად დამღლელი მომხმარებლისთვის, გამოირჩევა მაღალი მდგრადობით და აქვს მაღალი სიჩქარის მიღწევის შესაძლებლობა.
სასარგებლო მოდელის პატენტით დაცული მოწყობილობა შეიცავს: კორპუსს, შესრულებულს დაკეცვისა და გაშლის შესაძლებლობით, სახელურს ხმელეთზე დაფის ტრანსპორტირების მოხერხებულობისათვის, პედლებიან ფეხის ამძრავ მექანიზმს, მომხმარებლის ჩასაჯდომ ადგილს, რეგულირებად საზურგეს, დასაკეცი ქოლგისა და გამაგრილებელი სასმელის ჩასადგმელ ბუდეებს და გააჩნია სხვა სერფინგის დაფასთან გადაბმის საშუალებები ტანდემში ცურვის განსახორციელებლად.
“იდეა თბილისის ზღვაზე ყოფნისას დამებადა. ჩემი სურვილი იყო ისეთი მოწყობილობა შემექმნა, რომლის საშუალებითაც დასვენებას და ტალღებზე სეირნობას შევძლებდი ისე, რომ არც მზე შემაწუხებდა და სატარებლადაც მარტივი იქნებოდა” - განაცხადა გივი კევლიშვილმა.
გამომგონებელი ამჟამად მუშაობს კონსტრუქციაზე, რომლის წარმატებით გამოცდის შემდგომი ეტაპია სერფინგის დაფის წარმოებაში ჩაშვება. მოწყობილობა ექსპორტზე არის გათვლილი და რეალიზაციისთვის ზღვისპირა ქვეყნებია არჩეული.
სასარგებლო მოდელი თავისი არსით არის მცირე გამოგონება და მას აქვს გამოგონებასთან შედარებით ნაკლებად მკაცრი მოთხოვნები პატენტუნარიანობის კრიტერიუმებთან მიმართებაში, თუმცა სასარგებლო მოდელის პატენტიდან გამომდინარე უფლებები ანალოგიურია გამოგონების პატენტით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებებისა. სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადა საქართველოს ტერიტორიაზე 10 წელია.
სერფინგის დაფაზე - სასარგებლო მოდელზე დეტალური ინფორმაცია, პატენტის აღწერილობა, იხილეთ შემდეგ ბმულზე:
http://www.sakpatenti.gov.ge/media/fulltexts/models/2038.pdf