ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში - მასწავლებლებს EUGIPP-ის ფარგლებში გადაამზადებენ
30 სექტემბერი 2020 წ.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების ცნებების სწავლებისთვის სათანადო უნარ-ჩვევების მისაღებად, თბილისის, რუსთავის და გორის 6 საჯარო სკოლის 12 მასწავლებელი ტრენინგს გაივლის.
„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" EUGIPP-ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის პრეზენტაცია გაიმართა 29 სექტემბერს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, რომელიც ემსახურება ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მნიშვნელობის გააზრებას, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებსა და ფართო საზოგადოების კონკრეტულ სეგმენტებს შორის.
თავდაპირველად განხორციელდება პროექტის საპილოტე ვარიანტი. შერჩეულ სკოლებში ჩატარდება კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილები. აღნიშნული პროექტის საპილოტე ვერსიის ერთ-ერთი მიზანია კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხების ინტეგრირება სამოქალაქო განათლების სისტემაში.
პრეზენტაციაზე შერჩეული 12 მასწავლებელი და პროექტით დაინტერესებული პირები გაეცნენ დაგეგმილ აქტივობებსა და სასწავლო მასალებს, რომლებიც დაფუძნებულია ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მასწავლებელთა სატრენინგო პაკეტის „ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები" შინაარსზე. საკლასო სამუშაოების ჩასატარებლად მასწავლებელ-კოორდინატორები მიიღებენ სამი სატრენინგო მოდულისთვის შერჩეულ მასალას ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლების, ოცდამეერთე საუკუნის კომპეტენციებისა და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ. ასევე, პროექტის ფარგლებში სწავლების ეფექტურობის მიზნით, შერჩეული სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან სხვადასხვა დამატებითი რესურსით. სასწავლო მასალის გამოყენება მოხდება მშობლიური ენისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე.
EUGIPP-ი 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს და მას ახორციელებს EUIPO და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.

