შერიფ საადალა: „საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყება არის ეფექტიანი თანამშრომლობის მოდელი“
08 ოქტომბერი 2020 წ.
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების განათლების ხარისხიანი სისტემის შექმნაში საქპატენტს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია დაეხმარება. უწყების მხარდაჭერაზე მზაობა გაცხადდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყების თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და აკადემიის ხელმძღვანელის შერიფ საადალას შეხვედრის დროს, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა 2020 წლის 7 ოქტომბერს.
შეხვედრაზე თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს შორის WIPO-ს აკადემიის ხელმძღვანელმა დაასახელა ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე, პრიორიტეტულ საკითხად გამოიკვეთა WIPO-ს პუბლიკაციებისა და WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განვითარებული საფეხურის დისტანციური სწავლების კურსის “სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები და დიზაინი (DL-302)” მასალის ქართულ ენაზე თარგმნა და ადაპტირება.
საქპატენტის თავმჯდომარის მინდია დავითაძის მხრიდან შეხვედრაზე დაისვა საკითხი ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში სერტიფიცირებული ტრენერების რიცხვის ზრდის აუცილებლობის შესახებ, აკადემიის მხრიდან გამოითქვა თანხმობა WIPO-ს აკადემიის დახმარებით განხორციელდეს ტრენერთა დამატებითი ტრენინგები (ToT). გარდა ამისა, WIPO-ს აკადემიისა და საქპატენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა ტრენინგი მოსამართლეებისთვის, სადაც ისინი გაეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებს და მოწინავე ქვეყნების სასამართლო პრაქტიკას. აღნიშნული ტრენინგი მოთხოვნის შესაბამისად შეიქმნება ქართულ ენაზე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
WIPO-ს აკადემიის ხელმძღვანელმა, შერიფ საადალამ განაცხადა: „აკადემია მიესალმება საქპატენტის ინიციატივებს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყება არის ეფექტიანი თანამშრომლობის მოდელი“.
WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების დარგში განათლებისა და ადამიანური რესურსების მომზადების ცენტრია მსოფლიოში. აკადემიის დისტანციური სწავლების პროგრამები ხელმისაწვდომია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. აკადემიისა და საქპატენტის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა WIPO-ს რიგით 61-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელიც წელს კორონავირუსის (COVID -19) პანდემიის მიზეზით ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაცია ასამბლეას დისტანციურ რეჟიმში დაესწრო.


