ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO) იურისტებმა და მოსამართლეებმა ქართველ კოლეგებს სასაქონლო ნიშნებისა და საპატენტო დავების მიმართულებით USPTO-ს პრაქტიკა გაუზიარეს. ვებინარები სამ სერიად გაიმართა 5 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული შეხვედრები ემსახურება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ ექსპერტიზის ჩატარების მაღალ საფეხურზე აყვანას, სააპელაციო პალატის მუშაობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ვებინარებზე საქპატენტის დარგობრივი სპეციალისტები გაეცნენ სავაჭრო საიდუმლოებების არსსა და სახეებს, მიიღეს ინფორმაცია USPTO-ს სააპელაციო პალატის სტრუქტურაზე. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილებები, საპატენტო დავების განხილვის ეტაპები და მათი დეტალური მიმდინარეობა.
საქპატენტის სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს უწყების ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, CLDP-სთან, რომელიც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ბიზნესის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს. აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე გახდა შესაძლებელი USPTO-ს ექსპერტების გამოცდილების გაზიარება საქპატენტის იურისტებისა და ექსპერტებისათვის.