საქპატენტის სასწავლო ცენტრი საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების სერიას აგრძელებს. ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ უწყების ინიციატივითა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით ჩატარდა.
სწავლება ორი დღის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკას. აღნიშნული აქტივობა, საქპატენტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას ემსახურება, რაც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და დარღვევების პრევენციას.
მონაწილეები გაეცნენ პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, მონაცემთა დამამუშავებელი ორგანიზაციების ვალდებულებებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და მათი დაცვის უსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგზე განიხილეს, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ურთიერთმიმართება.
ტრენინგის გავლის შემდეგ, თანამშრომლები აღჭურვილნი იქნებიან იმ საჭირო ცოდნითა და უნარებით, რაც მათ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში დაეხმარება. პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების სტანდარტების უზრუნველყოფა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საბოლოო ჯამში, აამაღლებს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხს და გაზრდის ნდობას უწყების მიმართ.
საქპატენტის სასწავლო ცენტრი ამკვიდრებს სწავლების მაღალ სტანდარტებს და, ამ მიზნით, თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, რითაც ხელს უწყობს, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღმავებას.