საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. აღნიშნული მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა უწყების ექსპერტებსა და მათ ევროპელ, კერძოდ იტალიელ და ფრანგ კოლეგებს შორის.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საფრანგეთის ადგილწარმოშობის და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (INAO) მაგალითებზე გაეცნენ, საჯარო უწყებების როლს გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციაში, განვითარებასა და დაცვაში, რაც ხორციელდება სპეციალური ორგანოს, გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისიის ფუნქციონირებით. მსგავსი, ტიპის კომისიები ფუნქციონირებს ისეთ ქვეყნებში, სადაც სისტემა განვითარების მაღალ საფეხურზე დგას.
შეხვედრაზე პრაქტიკულად იქნა განხილული ევროკავშირში გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცედურის სპეციფიკა, რაც წარმოდგენილია ე.წ. ორ საფეხურიანი სისტემით. სისტემა მოიაზრებს ექსპერტიზის პროცესში კომისიის ჩართვას, რაც უზრუნველყოფს გეოგრაფიული აღნიშვნით დასაცავი ობიექტის სრულფასოვან კვლევას.
იტალიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც კანონმდებლობის ჰარმონიზების და რეგისტრაციის პროცესის გამართვისთვის, ასევე სამომავლოდ, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების ევროკავშირის ტერიტორიაზე დაცვის პროცედურის გამართულად წარმართვისათვის.
სამუშაო შეხვედრის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანია სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზება.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, გამონაკლის შემთხვევებში, სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.