საქპატენტში საფრანგეთის ელჩისა და საქპატენტის თავმჯდომარის შეხვედრა შედგა
28 მაისი 2021 წ.
თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე ისაუბრეს საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა შეხვედრაზე, რომელიც საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა.
„საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისათვის“ - აღნიშნა ელჩთან საუბრისას მინდია დავითაძემ.
ამჟამად ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტი, რომლის მთავარი მიზანია გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზება. პროექტი ხორციელდება საფრანგეთისა და იტალიის კონსორციუმთან ერთად.
„ინოვაციური, თანამედროვე და სტაბილური ეკონომიკა ძლიერ ინტელექტუალური საკუთრების სისტემას ემყარება. მზად ვართ საქპატენტთან, ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობისთვის“- განაცხადა შეხვედრაზე დიეგო კოლასმა.
ფრანგ დიპლომატთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ლიტერატურული და მხატვრული საკუთრების უწყებასა და საფრანგეთის სამრეწველო საკუთრების ეროვნულ ინსტიტუტთან (INPI) საქპატენტის საქმიანი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა. ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა შექმნის ფრანგი კოლეგების სამუშაო გამოცდილების გაზიარების, ტრენინგებისა თუ სემინარების ჩატარების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ამ უწყებებთან თანამშრომლობა და დარგის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების გამართვა განაპირობებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას.
სამომავლო თანამშრომლობის სფეროებისა და მიმართულებების განსაზღვრის მიზნით შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხიც. ასევე, გამოიკვეთა აზრი, რომ მნიშვნელოვანია საქპატენტის შესახებ ცნობადობის გაზრდა დიპლომატიური კორპუსის წევრებს შორის. აღნიშნული შეხვედრა მომავალი საქმიანი ურთიერთობების მასშტაბურად წარმართვის წინაპირობაა, რათა მოხერხდეს უფრო თვალსაჩინო და შედეგებზე ორიენტირებული ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ.
საქპატენტს საფრანგეთის სამრეწველო საკუთრების ეროვნულ ინსტიტუტთან (INPI) გაფორმებული აქვს შეთანხმება ძირითადი და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც გულისხმობს INPI-ს მიერ სხვადასხვა ოფიციალური ბიულეტენებისა და დოკუმეტაციის ხელმისაწვდომობას საქპატენტისთვის.

