გეოგრაფიული აღნიშვნები და სასაზღვრო ღონისძიებები
23 ივნისი 2021 წ.
ქართველი მებაჟეებისთვის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ ორდღიანი სემინარი გაიმართა.
საქპატენტის მიერ ორგანიზებული სემინარი ტვინინგის პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 25-მა წარმომადგენელმა.
ღონისძიება გახსნეს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ, იტალიის საბაჟოს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორატის წარმომადგენელმა ჯოვანი პიჩიროლიმ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერანძემ.
სემინარის მიმდინარეობისას იტალიის საბაჟოს სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს იტალიის საბაჟოს სააგენტოს მუშაობის სტრუქტურა და სპეციფიკა, კონტრაფაქციული პროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, განიხილეს კონტრაფაქციული პროდუქციის გადაადგილებასთან, შემოწმებასთან, შეჩერებასთან და ჩამორთმევასთან დაკავშირებული საკითხები და საბაჟოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.
სემინარი ხელს შეუწყობს იტალიის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით გეოგრაფიული აღნიშვნების კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი პროცედურების დანერგვას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას.
საქპატენტში მიმდინარე დაძმობილების (TWINNING) პროექტი ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას.
ბოლო სიახლეები
