საქპატენტს ისმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯონ სენდეიჯი ესტუმრა
13 ივნისი 2017 წ.
დღეს, 13 ივნისს, საქართველოს ორდღიანი საქმიანი ვიზიტით ეწვია ისმო-ს (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილე ჯონ სენდეიჯი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში დაესწრება და გახსნის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, - „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ (14-15 ივნისი).
დღეს ჯონ სენდეიჯი საქპატენტს ესტუმრა და შეხვედრა გამართა საქპატენტის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ გოგილიძესთან. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი და გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია, ისაუბრეს საქპატენტში მიმდინარე პროცესებზე, ისმოს როლზე საქპატენტის საქმიანობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით და სამომავლო გეგმებზე. ხვალ ჯონ სენდეიჯი საქათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თეიმურაზ მურღულიას შეხვდება.
